იტვირთება

ხუცესი მივიდა მსახურთან და უთხრა :

-შემიშვი, რომ ვნახო მისი წყლულები.

მან უპასუხა:

-რომ გაიგოს, მომკლავს.

ხუცესმა მიუგო:

-უბადრუკო, განა მან არ გაგზარდა? რა მოხდება რომ მისთვის მოკვდე?!


მაშინ მსახურმა შეუშვა ფარულად და როდესაც იაკობმა შუშანიკის დასიებული სახე იხილა, ატირდა. დედოფალმა უთხრა იაკობს:

-ნუ ტირი ჩემთვის, რადგან ეს ღამე ჩემი სიხარულის დასაბამად იქცა.

ხუცესმა უპასუხა:

-მიბრძანე, და მოგბან სახეს, მალამოსაც წაგისვამ, რათა განიკურნო.

შუშანიკმა მიუგო:

-ხუცეს, მაგას ნუ მეუბნებუ, რადგან ეს სისხლი ჩემი განმწმენდელია.


იაკობმა მას მცირედი პურის ჭამა აიძულა, რომელიც სამოელ ეპისკოპოსისა და იოანეს მიერ იყო გამოგზავნილი ნუგეშის საცემად. გამოსვლისას ხუცესს შუშანიკმა უთხრა:

-გავუგზავნო პიტიახშს მისი ნაჩუქარი სამკაულები? მე ისინი აღარ გამომადგება.

ხოლო იაკობმა უპასუხა:

-ნუ ჩქარობ, იყოს შენთან.


ამ დროს მოვიდა ერთი ყრმა, რომელმაც იხმო იაკობი და შეატყობინა, რომ პიტიახში იბარებდა. მივიდა ხუცესი მასთან და ვარსქენმა მიუგო:

-ხუცეს, ჰონებთან საბრძოლველად მივდივარ. ჩემს სამკაულებს შუშანიკს არ დავუტოვებ, რადგან იგი       ჩემი ცოლი აღარ არის. გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სამკაულებს მოიხმარს. წადი და ყველაფერი გამოგატანოს.


იაკობი მივიდა შუშანიკთან, რომელმაც ფრიად გაიხარა და ყველაფერი ჩააბარა. როცა პიტიახშმა იხილა სამკაულები უკლებლივ იყო, თქვა :

-დაე იპოვოს სხვა, რომელიც ასე შეამკობს.


დიდი მარხვა რომ დადგა, ნეტარი შუშანიკი ეკლესიის ერთ სენაკში დაეყუდა. სენაკს ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა მოლოდ და შუშანიკი სიბნელეში, ლოცვასა და ტირილში ატარებდა დროს.


ერთმა ახლობელმა ვარსქნეს უთხრა:

-ამ წმინდა მარხვის დღეებში ნურას ეტყვი.


როცა აღდგომის მეორე დღემ მოიწია, პიტიახში ჰონებთან ბრძოლიდან დაბრუნდა, მას ეშმაკი გულს თხრიდა. ადგა, ეკლესიაში მივიდა და ეპისკოპოს აფოცს უთხრა:

-დამიბრუნე ჩემი ცოლი, რად განმაშორე მასთან?!

და დაიწყო გინება და ღმერთის სასტიკად გმობა. ერთმა ხუცესმა უთხრა:

-ბატონო, რატომ იქცევით ეგრე და რატომ აგინებთ ეპისკოპოსსა და წმინდა შუშანიკს?!

ვარსქენმა მას ზურგზე კვერთხი დაარტყა და ხუცესმა ვერაფრის თქმა ვეღარ გაუბედა. პიტიახშმა შუშანიკი თრევით გამოიყვანა ეკლესიიდან და სასახლემდე ეკლებზე ატარა.


როცა სასახლეში მიიყვანა, მისი შეკვრა და ცემა ბრძანა. ვარსქენი ბობოქრობდა და ამბობდა:

-აჰა, არ გამოგადგა არც ეკლესია და არც ქრისტიანი ხალხი, რომლებიც ზურგს გიმაგრებდნენ.


შუშანიკს კვერთხი სამასჯერ დაარტყეს, მაგრამ არც კვნესა და არც ვაება მას პირიდან არ ამოხდენია. მაშინღა უთხრა შუშანიკმა ურჯულო ვარსქენს:

-უბადრუკო, შენ შენი თავი არ შეიწყალე და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდექი, მე როგორღა შემიწყალებ.


მაშინ როცა იხილა პიტიახშმა დიდძალი სისხლი, რომელიც შუშანიკს ჩამოსდიოდა, ბრძანა რომ მისთვის ბორკილები დაედოთ, რათა ბნელ საპყრობილეში წაეყვანათ. როდესაც შუშანიკი სასახლიდან გამოყავდათ, მის გვერდით დიაკონი იდგა, უნდოდა ნუგეში ეცა მისთვის, მაგრამ როდესაც პიტიახშს მოკრა თვალი, ვერაფრის თქმა ვეღარ გაბედა.


წმინდა შუშანიკი მიჰყავდათ ფეხშიშცელი, თმაგაწეწილი, როგორც ერთი ვინმე შეურაცხადი. ვერავინ იკადრა მისთვის თავსაბური დაეხურებინა, რამეთუ მას უკან პიტიახში მოყვებოდა. მათ ურიცხვი ხალხი მიყვებოდა. დედები და მამები ტიროდნენ და სახეს იხოკავდნენ ნეტარი შუშანიკისთვის.


იგი ხალხს მიუბრუნდა და მიმართა:

-ნუ ტირიხართ ჩემო დანო და ძმანო, არამედ ლოცვაში მომიხსენიეთ. ამიერიდან მე თქვენ გშორდებით და ციხიდან ცოცხალს გამოსულს ვეღარ მიხილავთ.


როცა პიტიახშმა იხილა ხალხის გლოვა, ცხენდაცხენ დაედევნა და გაფანტა. ციხის ხიდს რომ მიუახლოვდნენ, ვარსქენმა შუშანიკს უთხრა:

-შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალი, რამეთუ ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, ოთხით გამოგიღებენ.


წყარო: toptemebi.wordpress.com


დატოვეთ კომენტარი