იტვირთება

1. შესავალი - ჟანრის შესახებ –  ძველი ქართული მწერლობის ერთ–ერთი ძირითადი დარგია ჰაგიოგრაფია. (ანუ სასულიერო პროზა) . ჰაგიოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წმინდანთა, ანუ ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა, წამების ან ცხოვრების აღწერას. (ჰაგიოს– წმინდა , გრაფოს– ვწერ).

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა იმიტომ, რომ ტექსტები ეკლესიაში წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს, რათა მრევლისთვის განემტკიცებინათ რწმენა და ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ ქრისტეს გზის გამეორება.

ქართული სასულიერო მწერლობა მდიდარია როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებით.  ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებად ითვლება  იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება".  

2. ნაწარმოების ისტორია -  იაკობ ხუცესის  "შუშანიკის წამება" დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია. იგულისხმება, რომ მანამდე უეჭველად არსებობდა სხვა თხზულებები , რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს ამ ნაწარმოებს.  "შუშანიკის წამებით" იწყება 1500 წლოვანი ქართული მწერლობის შესწავლა.

"შუშანიკის წამებაში" კონკრეტული ეროვნულ–ისტორიული საკითხების გვერდით აისახა მაშინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა : ბრძლოლა ორ დიდ რელიგიას _ ქრისტიანობასა  და  მაზდეანობას  შორის .

მაზდეანობა , ცეცხლთაყვანისმცემლობა –  ზოროასტრიზმი ( შუშანიკის თქმით "ატროშანი") – ძველ ირანში, ახლო და შუა აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგიაა. სახელწოდება მმდინარეობს წინასწარმეტყველ ზოროასტრისგან.  ღვთაებრივი სამართლის გამოვლინებად მიაჩნიათ ცეცხლი.  მათი წმინდა წიგნია "ავესტა" . არაბთა მიერ ირანის დაპყრობისა და სასანიანთა დაცემის შემდეგ მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია – ისლამი (იგივე მაჰმადიანობა, მუსულმანობა)

3. ისტორიული ვითარება  –  "შუშანიკის წამებაში"  აღწერილია ის პერიოდი, როდესაც ირანი საქართველოს დასამორჩილებლად ინტენსიურად ცდილობდა ქრისტიანობის აღმოფხვრასა და მაზდეანობის დანერგვას.  უკვე გაუქმებულია მეფობა სომხეთსა და ალბანეთში. რჩება მხოლოდ საქართველო. მდგომარეობას ართულებს ისიც , რომ ვახტანგ გორგასალი საქართველოში არ იმყოფება, ამით გათამამაბული დიდგვაროვნები უარყოფენ ქრისტეს რჯულს და აღიარებენ მაზდეანობას, ყოველივე ამას პირადი განდიდებისა და შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჩადიოდნენ.

4. ავტორი –  დაზუსტებული ცნობები  ავტორზე შემონახული არაა, ვიცით მხოლოდ , რომ ერქვა იაკობი და იყო ხუცესი, ანუ მღვდელი. არსებობს ჩანაწერი, რომ ცურტავის ეპისკოპოსი იყო ვინმე იაკობი, ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს არის "შუშანიკის წამების" ავტორი. ამიტომ ავტორს ხშირად იაკობ ცურტაველადაც მოიხსენებენ.

 

წყარო: http://orioniblog.blogspot.com/


დატოვეთ კომენტარი