იტვირთება

ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ) მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების - კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს - `მეტროპოლიები~ (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა.

როგორი იყო დამოკიდებულება მეყტოპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა.

რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო - ბარბაროსი. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი 4 (ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი ტრადიციები ძლიერი იყო, ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი, ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც.

კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი (გემთსაშენი მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს საწმისზე, არგონავტებზე). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული - კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება.


დატოვეთ კომენტარი